თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომლების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
აღნიშნულ განცხადებაში, სხვადასხვა სახის ავტოტრანსპორტთან ერთად, მოხსენიებულია დედაქალაქში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები.
როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.
ჩვენთვის უცნობია, რის საფუძველზე გასცემდნენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები ყალბ საბუთებს და იმედი გვაქვს, ამას გამოძიება დაადგენს.
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა და დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და დაიწყო მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი.
თბილისის მერია ყოველთვის გამოდიოდა და დღესაც გამოდის ტექნიკური დათვალიერების ზომების გამკაცრების წინადადებით, რადგან ყოველი გაუმართავი ავტოტრანსპორტი დიდ დარტყმას აყენებს დედაქალაქს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება–გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მოსამართლის განჩინებით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. ყვითელ სამგზავრო ავტობუსებზე ყალბი დადებითი დასკვნები გაიცემოდა.
თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
2019/05/10 20:17:10
კომენტარები
ნანახია: 606 ჯერ