ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს, ტინგ სიუესიანგს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და სატრანსპორტო, საინვესტიციო და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობის სექტორში. აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებლის ზრდამ 41 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობა ჩინეთის კომერციის, ტრანსპორტის სამინისტროებთან და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.
„ამ კონტექსტში აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა, რომლის პირველი სხდომაც უკვე გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამუშაო ჯგუფის როლს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებაში.
საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მხარეებმა აღნიშნეს პირდაპირი ფრენების პოზიტიური გავლენა ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორის კავშირების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოს წარმომადგენლობითი მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში იმართება.
შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ვანგ ვენთაო და ქალაქ შანხაის მერი ჭუ ჭუნგმინგი მონაწილეობდნენ.
