ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მისამართით ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება და ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
“საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა. ეს განცხადება დღეს გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა.
განსაკუთრებით მინდა მივაპყრო ქალბატონი სამადაშვილისა და ბატონი კანდელაკის ყურადღება ამ განცხადებაზე. ერთის მხრივ იმიტომ, რომ ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც არ უგრძვნია და დღესაც აგრძელებს ამ ნარატივს. რეალურად თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს რეალურად არ გაუკეთებიათ განცხადების სახით და ასევე ბატონ კანდელაკს, რომელსაც ერთი შეფასებაც არ გაუკეთებია მაშინ, როცა არარსებულ საკითხებს ეხმაურება და ევროპას ატყობინებს ხოლმე. ერთი განცხადებაზე შეფასებაც არ გაუკეთებია ბატონი სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი შეადარა რუსეთს და დაადანაშაულა საქართველოს მიმართ და რეგიონის მიმართ კოლონისტურ ინტერესებში. აი, ეს არის თქვენი რეალობა. ქალბატონი სამადაშვილი აქ საუბრობდა მოხუცებზე და ღიმილიან მოხუცებზე. ქალბატონო სალომე, თქვენი სტილია ეს, თქვენი პარტიის, რასაც აშავებდით სხვას დააბრალოთ. ის მოხუცებულები თუ მოინახულეთ , მაინტერესებს, რომელიც თქვენი ხელისუფლების პერიოდში “ღიმილიან საქართველოში” გყავდათ ჩართული და მერე როგორც დატოვეთ მთელმა საქართველომ ნახა . გირჩევთ, ის მოხუცები ერთხელ მაინც მოინახულოთ, როცა ხელისუფლებაში აღარ ხართ მაინც” – განაცხადა თალაკვაძემ.
ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მიუნხენში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება საკუთარი შეცდომების არსებულ გუნდზე გადაბრალებას ცდილობს.
“მინდა გამოვეხმაურო 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მიუნხენიდან. საერთოდ არ იქნებოდა აღნიშვნის ღირსი ეს ფაქტი, რომ არა ერთი გარემოება. ადამიანი , რომელიც ემიგრანტებს სთხოვს, თავისი პარტიის დაფინანსების და ბილეთების ფულს, ადამიანი, რომელიც თავის საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითოლარიანი შემოწირულობის გაკეთებას. სინამდვილეში, რაც ვნახეთ და საზოგადოებამაც ნახა, მაიამიში, ფლორიდაში არის დაკავებული ფეშენებელური ვილის და ოკეანის პირას ახალი სახლის ყიდვით. აი, ეს არის ვითომ შეჭირვებული სააკაშვილი და მისი ოჯახი, რომელიც სინამდვილეში, აი, ამ მომენტში, როცა აქ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ეკონომიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე , ეს ადამიანი მაიამიში, ფლორიდაში ეძებს ბინას. ეს არის თქვენი სახე. არ შეიძლებოდა ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა. ასევე მან განაცხადა, რომ 2012 წელს თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაკოტრებული შემოვიდა პოლიტიკაშიო . ეს არის უტიფარი ტყუილი იმიტომ, რომ ფორბსის სიას თუ ჩავხედავთ, სწორედ 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქონება იყო ყველაზე მეტი და ფორბსის სიით, 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ქონება იყო ყველაზე მაღალი ნიშნულით შეფასებული. ეს არის, როგორი მატყუარებიც ხართ და როგორ შეცდომაშიც შეგყავთ საზოგადოება. ასევე აქ არის მედია და მინდა მედიას პირდაპირ მივმართო. რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, “ჰაიდელბერგ-ცემენტი”, “გალერეა თბილისი”, “სასათბურე კორპორაციები” და სხვა ჩამონათვალიც იყო, – ღიმილის მომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც “ნაცმოძრაობამ” და სააკაშვილმა გააკეთეს ,სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა იმიტომ, რომ ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაკეთებას, გადაფუთვას, დამახინჯებას და თავისი ცოდვების და დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან. ეტყობა, ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ, მაგრამ გპირდებით, რომ ამ არჩევნებშიც დაინახავთ თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე და იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ახდენთ”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.