„ლილო სითის” მფლობელი, ლაურა ღაჭავა „ლილო სითის” დირექტორის, ზვიად ქირიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „აუცილებლად მისცემს შენიშვნას“.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლაურა ღაჭავამ განაცხადა, მას, ამ ეტაპზე, უჭირს ვერსიებზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია „ჩაინა ლილო სითის” ტერიტორიაზე ხანძარი.
„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, არ მინდა, ხელი შევუშალო გამოძიებას. მე თვითონ ვარ დაინტერესებული, ფეხს არ გავადგამ აქედან, სანამ ყველა დეტალს არ ვნახავ.
ზვიად ქირია არის არენდატორი, ჩინელების ბაზრობის დირექტორი. მე არ ვეთანხმები, რაც მან ბრძანა, ძალიან მოულოდნელად ისეთი რაღაცები თქვა, რაც მე არ ვიცოდი. ზვიად ქირიას ცალკე აქვს კიდევ ბიზნესი და უსიამოვნება აქვს თავის პარტნიორებთან, აქ არ იყო ეს სათქმელი წუხელ, რომ მოვა, მივცემ შენიშვნას. როგორ შეიძლება, ასეთი რაღაც“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
გუშინ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ განცხადება გააკეთა.
„მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ – განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ.