შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული შს სამინისტროს 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა და შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
შს მინისტრმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს მიმართა: „2008 წლის აგვისტოს ომს შს სამინისტროს გმირი თანამშრომლების სიცოცხლე შეეწირა. საამაყო და დასაფასებელია თითოეული დაღუპული მებრძოლის ღვაწლი. სწორედ მათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები. ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ მარადიულ ხსოვნას და ზურგს გავუმაგრებთ მათ ოჯახებს. თქვენ ეს იცით და გრძნობთ… და ეს ყოველთვის ასე იქნება!.. ვუყურებ ჩვენი გმირების შვილებს და არ მტოვებს განცდა იმისა, რომ ისინი ჩვენი ბიჭების მომავალია, ჩვენი საამაყო შთამომავლობა, რომლებიც ღირსეულად ატარებენ გმირი მამის შვილის საპატიო სახელს. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. იცოდეთ, ყველა პოლიციელი თქვენი და თქვენი ოჯახის მეგობარია. თითოეული პოლიციელი თქვენი ოჯახის წევრია. ყველაფერს გავაკეთებთ, მცირედით მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ის ტკივილი და ტვირთი, რაც თქვენს ოჯახებს ამ გმირების წასვლის შემდეგ დააწვა. ეს ბავშვები ჩვენი შვილები არიან“.
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის, გია რომელაშვილის იუბილარ შვილებს – 14 წლის თამარს და 25 წლის მარიამს დაბადების დღე მიულოცა, აგვისტოს ომში დაღუპული ყველა თანამშრომლის ოჯახის წევრებს კი ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.
გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა
2016/08/08 13:07:08
კომენტარები
ნანახია: 1840 ჯერ