სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანკლავები და ექსკლავები არ უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, სომხეთის ტერიტორია 29 743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს, ამასთან, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თანაბარი ზომის ტერიტორიები უნდა გაცვალონ.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანმა და ბაქომ არ უნდა წაუყენონ ერთმანეთს რაიმე პრეტენზია და ყველა საკითხში ერთმანეთი უნდა გაითვალისწინონ.
„როგორი უნდა იყოს მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ? სომხეთს უნდა ჰქონდეს 29 743 კვადრატული კილომეტრის ფართობი. საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია უნდა მოხდეს ალმათის დეკლარაციის საფუძველზე. ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგი ფორმულით: საზღვრის ორივე მხარეს არ უნდა იყოს ექსკლავები ან ანკლავები; ანუ ორმა ქვეყანამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, უნდა განახორციელოს შესაბამისი ზუსტი ზომის ტერიტორიების გაცვლა. ყველა გზა და საკომუნიკაციო გზა უნდა გაიხსნას TRIPP პროექტის ფარგლებში, მაგრამ არამხოლოდ TRIPP პროექტის ფარგლებში. ყველა საკომუნიკაციო გზა უნდა ფუნქციონირებდეს და იყოს ღია, მათ შორის სომხეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით და აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანში სომხეთის ტერიტორიის გავლით კომუნიკაციის ფუნქციონირებისა და უზრუნველყოფის ლოგიკით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
