„არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით „მთავარი არხის“ საგამოძიებო მასალას „იმედის კვირასთან“ ეხმიანება.
„მთავარი არხის“ საგამოძიებო მასალის მიხედვით, თანხა „პროგრეს ბანკიდან“ ოფშორული კომპანიების გავლით გადიოდა იმისთვის, რათა არ დაფიქსირებულიყო, რომ კახა კალაძე სესხს თავის მეგობარზე, ილია წულაიაზე გასცემდა.
ილია წულაია „იმედის კვირასთან“ აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკიდან“ აღებული სესხი, თავისი პროცენტით, მან სწორედ „თიბისი ბანკში“ დაფარა, მას შემდეგ რაც „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისიში“ გადავიდა. წულაიამ გაასაჯაროვა ყველა ამ გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის პარტნიორ კომპანიებთან დადებული, ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმებაც.
„არქი ჯგუფს“ „პროგრეს ბანკის“ სესხი ჰქონდა 700 ათასი დოლარის ოდენობით, ასევე სესხი ჰქონდა აღებული ორი კომპანიისგან, რომელიც პარტნიორის კომპანია იყო, დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი დოლარის – ჯამში ორი მილიონ ოთხასი ათასი დოლარი და ეს თანხა (პლუს პროცენტი 300 ათასი დოლარი), როგორც კი „თიბისი ბანკმა“ შეიძინა „პროგრეს ბანკი“ გადაუხადა „თიბისი ბანკს“. „არქი ჯგუფისთვის“ და არც „არქისთან“ დაკავშირებული რომელიმე კომპანიისთვის, არცერთი თეთრი არ უპატიებია არც „თიბისი ბანკს“, არც „პროგრეს ბანკს“ და არც არავის“, – განაცხადა ილია წულაიამ.
„თითქოს რამე ხდება. სინამდვილეში არაფერი ხდება. ჩვეულებრივ, სტანდარტული გარიგებისთვის ცდილობენ თითქოს არასწორი, არაკანონიერი იერის მინიჭებას“, – თქვა წულაიამ.
„პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით განცხადება საქართველოს გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ 18 ოქტომბერს გააკეთა. მისი თქმით, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება. მისი თქმით, თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება.
17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
„მთავარ არხმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის თანახმად, „პროგრეს ბანკში“ აუდიტორული შემოწმება უცხოელმა ექსპერტებმა 2016 წელს ჩაატარეს. შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. მათ შორის მედიასაშუალება მიუთითებს, რომ არის „ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ მიერ გაკეთებული გადარიცხვაც, რომელსაც საქართველოში „ბი ემ ჯი ჯორჯია“ ეკუთვნის.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა. „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, 9-წლიანი არსებობის განმავლობაში ბანკმა 8 წელი წაგებით დაასრულა და ჯამში 5 მილიონ ოთხასი ათასი ლარი იზარალა. 2013 წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. ამავე დროს ბანკის 22%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.
მამუკა ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 18 ოქტომბერს გაუუქმა.
