ანაკლიის პორტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, რაც სოციალურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.
