ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო დაპირება, რომელიც უნდა შესრულებულიყო. მისივე თქმით, პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის უკეთესია და მხოლოდ ამ ფაქტორის გამო მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტისთვის მხარი უნდა დაეჭირათ.
“ზოგადად, მეც მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა არის უკეთესი და ამ ფაქტორის გამო უნდა მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ნახეთ, მაჟორიტართა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
საუბარია არა იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება, ჩატარდება, ოღონდ საუბარი იყო ვადის გადმოწევაზე. პროპორციული სისტემა იყო დაპირება, რაც უნდა შესრულებულიყო. თქვენ ნახეთ მაჟორიტარი დეპუტატების, ჩვენი კოლეგების რეაქცია ამასთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როდესაც ასეთი დუღილი მიმდინარეობს და დაძაბული სიტუაციაა უმრავლესობის შიგნით, კონკრეტული, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მიერ თავდასხმა პარტიის ოფისთან და უმრავლესობის დეპუტატებისთვის და განსაკუთრებით მაჟორიტარებისთვის მონის ძახილი, უპასუხისმგებლობაა, რამაც, ასევე, კატალიზატორის როლი ითამაშა“, – განმარტა მდინარაძემ.