ემანუელ მაკრონი საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების ფონზე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტისთვის განკუთვნილ პენსიაზე უარს იტყვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კანონის თანახმად, რომელიც საფრანგეთსი 1955 წელს მიიღეს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტს თვიურად 6200 ევროს ოდენობით პენსიის მიღება შეუძლია. მაკრონი უარს იტყვის საპრეზიდენტო პენსიაზე და შეცვლის მაღალი თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილ საპენსიო სისტემას, რათა ის დაუახლოვდეს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილს.
ემანუელ მაკრონმა დღეს გაფიცვის მონაწილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო. აქციები პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული და 70-მდე ქალაქში იმართება, ჯამში კი 500-დან 800 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. საპროტესტო აქციების გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, გაუქმებულია სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.
საყოველთაო გაფიცვების მიუხედავად, საფრანგეთის პარლამენტმა საპენსიო ასაკი 62 წლიდან 64 წლამდე აწია. საფრანგეთის საპენსიო რეფორმა ასევე გულისხმობს გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებას. რეფორმის დახმარებით, საფრანგეთის ხელისუფლება საპენსიო სისტემაში მზარდი დეფიციტის დაძლევას აპირებს, რომელიც პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.