ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რესპუბლიკას არავითარი კავშირი არ აქვს, ხოლო ვინც სხვაგვარად ფიქროს, ეს უნდა დაამტკიცოს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„მათ თავად მოკლეს, როდესაც ის აღარ დასჭირდათ, ახლა კი კუდს აქიცინებენ – რუსეთი, ჩეჩნეთი… ეს ჩვენ არ გვეხება. ის საქართველოს მოქალაქეა. ჩვენ თუ ვართ კავშირში, დაამტკიცონ არა სიტყვებით, არამედ საქმით“, – განუცხადა ჟურნალისტებს კადიროვმა.
მისი თქმით, ხანგოშვილს მრავალი ტერაქტი უკავშირდება და ახლა, როდესაც ის მოკლეს, ერთი ტერორისტით ნაკლები დარჩა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი გერმანიასთან სპეცსამსახურების დონეზე არაერთხელ განიხილეს. თუმცა, მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან რუსეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან უარყოფით პასუხს მიიღებდნენ.