ირანში აშშ–ს მიერ 3 იანვარს ბაღდადში მოკლული ქვეყნის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაურს ყასემ სოლეიმანს ემშვიდობებიან.
ცერემონიას ქვეყნის სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი უძღვება, რომელშიც ასევე, პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მონაწილეობს.
სამგლოვიარო ცერემონიაზე მოკლულის ქალიშვილმა ზეინაბ სოლეიმანმა განაცხადა, რომ აშშ-ის „შავი დღეები ელოდება“.
„გიჟო ტრამპი, არ იფიქრო, რომ მამაჩემის სიკვდილით ყველაფერი დასრულდა. აშშ-ს და მათ მოკავშირე ისრაელს „შავი დღეები“ ელოდება“, – განაცხადა ზეინაბ სოლეიმანმა.
ბაღდადში მოკლული გენერლის ცხედარი სამშობლოში 5 იანვარს ჩაასვენეს.
ტელერადიოკომპანია IRIB-მა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავიდან ცხედრის გადმოსვენება ორკესტრის თანხლებით მოხდა, გენერლის ცხედარი ირანის დროშაში გაახვიეს.
ყასემ სოლეიმანს 7 იანვარს დაკრძალავენ.