დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ლიდერები თანხმდებიან, რომ სპარსეთის ყურეში ფართომასშტაბიან ომს მსოფლიო ვერ გადაიტანს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ შტატებსა და ირანს შორის კრიზისი ერაყის გამო გამწვავდა. აღვნიშნავ, რომ ერაყის კონფლიქტის ზონად გადაქცევა მსოფლიოს დააზარალებს, საფრთხეს შეუქმნის რეგიონის სტაბილურობას. რაც შეეხება სამხედრო ლიდერის მკვლელობას, ამას პასუხის გარეშე არავინ დატოვებს,” – აღნიშნა ერდოღანმა.
გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გართულების გამო შეშფოთება გამოთქვეს და კრიზისში ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
ირანსა და ერაყში ვითარება სულ უფრო იძაბება. საერთაშორისო საზოგადოების მთავარ რეკომენდაციას, თეირანი და ბაღდადი უარით პასუხობენ და დიპლომატიის ნაცვლად რადიკალურ ნაბიჯებზე მიდიან.
თეირანში მოკლულ სამხედრო ლიდერს ყასემ სოლეიმანს დღესაც გლოვობენ. ირანის დედაქალაქში სამგლოვიარო მსვლელობაზე ათასობით ადამიანი ხელში ომის სიმბოლო – წითელი დროშებითა და სოლეიმანის ფოტოებით გამოვიდა. დილის ლოცვას ირანის პრეზიდენტი, სამხედრო პირები და ორგანიზაცია “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანია დაესწრნენ.
“სოლეიმანი იყო ლიდერი და წამებული, ის მთელი ცხოვრება მხარს უჭერდა პალესტინის მეამბოხეებს, ის იერუსალიმის მიერ წამებულია. სოლეიმანი მოწამეა,” – განაცხადა ისმაილ ჰანიამ.