დღეს დილით ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ცხედარი თეირანის უნივერსიტეტის მეჩეთში გადაასვენეს, სადაც ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მისთვის რელიგიური მსახურება ჩაატარა.
CNN-ის ინფორმაციით, გენერლის ცხედარს მისი მხარდამჭერები ხელით მიასვენებენ აზადის მოედანზე, რომელიც 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ფოტოებზე ჩანს, რომ გენერლის კუბო ირანის დროშაშია გახვეული, გარშემო კი შავ სამოსში ჩაცმული ადამიანების უზარმაზარი ნაკადია.
“როიტერსის” ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიალს ასობით ათასი მოქალაქე ესწრება.
მგლოვიარეთა შორის ყველა ასაკის ადამიანია. ირანული სახელისუფლებო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუჩებში მილიონობით ირანელია გამოსული, თუმცა ეს რაოდენობა დადასტურებული არ არის.
თეირანელი რეზა მოღადამი ამბობს, რომ ირანული საზოგადოების ასეთი რეაქცია მისთვის წარმოუდგენელი იყო.
“36 წლის ვარ და ხალხის ამხელა ნაკადი არასოდეს მინახავს. დილას ძალიან ადრიანად დაიწყეს შეკრება, კითხულობენ ყურანს, ტირიან და მზადყოფნას გამოთქვამენ, ტრამპის მუქარას უპასუხონ“ -ამბობს რეზა CNN-თან.