მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანი აპირებს დაარტყას ჰაიფას (ისრაელი) და დუბაის (გაერთიანებული არაბთა ემირატები) იმ შემთხვევაში თუ აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს ერაყში მის ბაზებზე თავდასხის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ის თეირანის ბიუროს ხელმძღვანელი ალი აროუზი ავრცელებს.
„ირანმა გაფრთხილება გასცა, რომ თუ იქნება პასუხი, ისინი დაიწყებენ დატყმების მესამე ტალღას დუბაისა და ჰაიფაში“, – წერს აროუზი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ირანულ მედიაზე დაყრდნობით, არხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერაყის თავზე ირანის ავიაგამანადგურებლები დაფრინავენ.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.