ირანს არ სურს “შავი ყუთი,” რომელიც “უკრაინის ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ იპოვეს, აშშ-ში “ბოინგს” გადასცეს– ამის შესახებ CNN იტყობინება.
ირანულ საინფორმაციო სააგენტოსთან Mehr საუბრისას, ირანის სამოქალაქო ავიაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალი აბედზადემ განაცხადა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად “შავი ყუთის” ინფორმაციის ანალიზი უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, თუმცა, მისივე თქმით, პროცესში უკრაინელი გამომძიებლებიც უნდა ჩაერთონ.
აბედზადეს აშშ-ის ჩართულობის შესახებ გამოძიების რომელიმე ეტაპზე არაფერი უთქვამს.
“ჩვენ არ გადავცემთ “შავ ყუთს” თვითმფრინავის მწარმოებელს ამერიკაში,” -განაცხადა მან.
აბედზადეს ინფორმაციით, ინციდენტამდე მფრინავს დისპეტჩერებისთვის პრობლემების შესახებ არ უცნობებია და ამბობს, რომ კატასტროფის მიზეზებზე საუბარი “შავი ყუთის” შესწავლამდე შეუძლებელია.
ავიაკატასტროფა თეირანში დღეს, გამთენიისას მოხდა. უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილი “ბოინგი” აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.