სასულიერო პირს, რომელიც ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში გაამწესებენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მიაწოდა:
„სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენ ხანს“.
10 იანვარს მოქმედ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარი შეუფარდა.