აზერბაიჯანში უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა. მნიშვნელოვან მოვლენამდე ერთი დღით ადრე პროცესში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს. “სიჩუმის დღეს” (დააზუსტე) ადგილობრივმა ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მედიასაშუალება დაესწრო. უწყების ხელმძღვანელმა, მაზაჰირ პანაჰოვმა აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი მზად არის.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს მმართველ პარტია “ახალ აზერბაიჯანს” მოქმედი პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ინიციატივით მიმართა. ილჰამ ალიევმა ეს იმით ახსნა, რომ პარლამენტის მოქმედი შემადგენლობა მის პოლიტიკას არ შეესაბამებოდა. მმართველმა პარტიამ ალიევის წინადადება ერთხმად მიიღო და მის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს დათანხმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნები თარიღად 9 თებერვალს დაინიშნა. გეგმიურად ის 2020 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანის ისტორიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება.
აზერბაიჯანში ერთპალატიანი პარლამენტია, სადაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მაჟორიტარული სისტემით 125 დეპუტატს ირჩევენ – თითო ადამიანს 125 ოლქიდან. ამ დროისთვის 1300-ზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებული.
კონკურენცია უჩვეულოდ დიდია, გამოდის, რომ ერთი ადგილისთვის ბრძოლა 10 კანდიდატს მოუწევს.
“მილი მეჯლისში” პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად სულ 1314 პირი დარეგისტრირდა. თავდაპირველად პროცესში მონაწილეობის სურვილი 2431 ადამიანმა გამოთქვა, თუმცა, მოგვიანებით 321-მა დეპუტატობის კანდიდატმა თავად განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე უარი, 2 პირს კი, უარი საარჩევნო კომისიამ უთხრა. პარტიული სიით, ჯამში, 246 კანდიდატია დარეგისტრირებული. პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 23 დღით ადრე დაიწყეს და ის, 8 თებერვალს 24 საათით ადრე შეწყვიტეს.
ცესკო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, არჩევნებში საკუთარი ინიციატივით 1057 პირი მონაწილეობს, ხოლო 11 – საინიციატივო ჯგუფების მიერ არიან წარდგენილი.
დარეგისტრირებულ კანდიდატთა შორის, 79% მამაკაცია, 21% კი – ქალი.
რაც შეეხება ამომრჩევლებს, ცესკო-ს ცნობით, ხმის მიცემას საერთო ჯამში 5 329 460 ადამიანი შეძლებს. საარჩევნო უბნები ხვალ დილი 7:45 წუთზე გაიხსნება, 8-საათიდან კი, ამომრჩევლები ხმის მიცემას შეძლებენ. უბნები საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.
ამჟამად პარლამენტში მმართველი პარტია “ახალი აზერბაიჯანიდან” 66 დეპუტატი, ხოლო უპარტიო 53 პირია წარმოდგენილი, სამი პირი ნაკლებად ცნობილი პარტიებიდანაა.
ქვეყანაში 3 ძირითადი ოპოზიციური პარტიაა, მათ შორის, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია, “მუსავათი” და “რესპუბლიკური ალტერნატივა”, ე.წ. რეალი.
წინა არჩევნებისგან განსხვავებით ვადამდელ არჩევნებზე ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს, რეგისტრაციის შესაძლებლობა წელს შედარებით თავისუფლად მიეცათ.
საარჩევნო აგიტაცია ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. კანდიდატებს აქტიური შეხვედრები ჰქონდათ მოსახლეობასტანაც.
წლევანდელი არჩევნები იმითაც არის გამორჩეულია, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე დებატები არ გამართულა. მმართველ პარტია “ახალ აზერბაიჯანს” უფასო საეთერო დრო მიეცა, მაგრამ ამ შესაძლებლობაზე უარი თავად განაცხადა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, როგორც თავად ამბობენ “მათ სატელევიზიო კამპანიის წარმართვა ტელეარხების მხრიდან დაწესებული მაღალი გადასახადის გამო ვერ შეძლეს”.
აზერბაიჯანის ხვალინდელ საარჩევნო პროცესში 77 790 დამკვირვებელია ჩართული. ცესკო-ს განცხადებით, მათ შორის 35 152 ქვეყანაში არსებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან. პანაჰოვის განმარტებით, აკრედიტაცია საარჩევნო პროცესში 58 ქვეყნის 883-მა საერთაშორისო დამკვირვებელმა გაიარა.
არჩევნებს დააკვირდება ეუთო-ს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაც.
არჩევნებს 132 ქვეყნის მედიასაშუალება აშუქებს, მათ შორის ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სხვა.
ხოლო ეგზიტპოლების შედეგები ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.
ხვალ, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებია
08.02.2020 18:59:22

კომენტარები
ნანახია: 605 ჯერ