უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში სთხოვა დახმარება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკის ოფიციალური ვიზიტი ვატიკანში დღეს დაიწყო.
„ის ყველაფერს აკეთებს მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიის დასამყარებლად. 2 თვის შემდეგ პარიზში გამართული ნორმანდიული ფორმატის შეხვედრიდან მე ვთხოვე მას დაგვეხმაროს დონბასში, ყირიმსა და რუსეთში მყოფი ტყვეების გათავისუფლებაში,“- დაწერა მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
29 დეკემბერს დონეცკში კიევმა და პრორუსულმა სეპარატისტებმა პატიმრები გაცვალეს. დაზუსტებული მონაცემებით, კიევს 76 ადამიანი დაუბრუნეს, სეპარატისტულ რეგიონებში კი 124 პატიმარი დაბრუნდა.
პატიმრების გაცვლის პროცესი შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში, პარიზში გამართულ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე მიაღწიეს, რომელშიც უკრაინისა და რუსეთის გარდა საფრანგეთი და გერმანია იღებენ მონაწილეობას.