კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 14 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს. ამის შესახებ Reuters-ი ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 70 წლის კაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები მხოლოდ 27 დღის გასვლის შემდეგ გამოუვლინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე აქამდე ექიმებს ეგონათ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს. დღესვე ჯანმრთეობის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფანჯარა სულ უფრო ვიწვროვდება
ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა 76 288-ს შეადგენს, კორონავირუსს ქვეყანაში უკვე 2 345 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა ბოლო მონაცემებით, დაღუპულების და ახალი დაავადებების შემთხვევები მცირდება. ამასთან, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 26 სახელმწიფოში უკვე 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 8-ს მიაღწია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.