საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ექსკლუზივ ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის განმეორებით ბრალდებებს, თითქოსდა საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ რუსულ პროპაგანდას ეწევა და მას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.
აღნიშნულის „კვალიფიციური“ კვლევა კინწურაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა, რაზეც სააგენტო „ნიუსპრესმა“ რეაგირება მოახდინა და კინწურაშვილს ბოდიშის მოხდა და დასკვნის რეალობასთან სიახლოვის უარყოფა მოსთხოვა.
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს კი, როგორც ჩანს თამარ კინწურაშვილში ახალი ძალით იფეთქა პატრიოტულმა მოტივებმა და ოკუპანტის მიმართ სიძულვილმა, რადგან მან ამჯერად „რუსთავი 2“-სა და ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლის თამარ კვესიტაძის მეშვეობით მიიტანა იერიში სააგენტო „ნიუსპრესზე“.
ჩვენი აზრით, ქალბატონი კინწურაშვილის „პატრიოტული მოტივების ამაღლებას“ სავარაუდოდ ორმა ფაქტმა შეუწყო ხელი.
პირველი: გასულ კვირას, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მთავარმა რედაქტორმა ალეკო ჩუბინიძემ კიდევ ერთხელ, წერილობით მიმართა კინწურაშვილის არასამთავრობოს, რომ მათ მიერ დადებული დასკვნის რეალობასთან სიახლოვე კონკრეტული ფაქტებით დაედასტურებინათ, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევდათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, კინწურაშვილის არასამთავრობომ საკმაოდ აბსტრაქტული წერილით გვიპასუხა, თუმცა, როგორც ჩანს გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილე საკმაოდ შეაშფოთა სასამართლოს წინაშე წარდგომის პერსპექტივამ, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ. ეს ორგანიზაცია არჩევნებსაც აკვირდება და მის იმიჯზე კიდევ ერთი დარტყმა მომგებიანი არ იქნებოდა, რადგან ბოკერიას მოადგილისა და სააკაშვილის მრჩევლის დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ისეთივე „ობიექტური“ იქნება, როგორც „ნიუსპრესის“ რუსული პროპაგანდის მანქანად გამოცხადება.
მეორე მიზეზად კი შეიძლება ვივარაუდოთ ის მართლაცდა შთამბეჭდავი მასალები, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა“ მოიძია და გამოაქვეყნა და რომლებიც კინწურაშვილის მიერ გაწეულ ხარჯებს ეხება, როდესაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი იყო.
მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვანთ: კინწურაშვილის დროს, ტენდერის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოს დასუფთავებაში 165 ათასი ლარი იქნა გადახდილი.
მოგვიანებით, როდესაც ამ საკითხზე მედიამ მას კომენტარი სთხოვა, სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ის აღნიშნულის შესახებ სტატიას არ იცნობს და თავად ეს ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება.
ძნელი სავარაუდოა, რომ კინწურაშვილს, რომელიც გულდასმით კითხულობს ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ „ანტისახელმწიფოებრივ“ სტატიებს, არ წაეკითხა სტატია, რომელიც კონკრეტულად მას შეეხებოდა.
ამასთან, სააგენტო „ნიუსპრესმა“ კონკრეტული დოკუმენტური მასალის დემონსტრირებით, ქალბატონი კინწურაშვილი მორიგ სიცრუეში ოპერატიულად ამხილა.
გარდა ამისა, არსებობს ეჭვი (და ამის ოფიციალურ დადასტურებას უახლოეს დღეებში ველოდებით), რომ კინწურაშვილის დროს შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკლაკნილი ლოგო, რომელიც საზოგადოების და მათ შორის ნაციონალური მედიის ქილიკის საგანი გახდა, არც მეტი, არც ნაკლები 800 ათას ლარამდე დაჯდა.
თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სააგენტო „ნიუსპრესი“ აპირებს მიმართოს მთავარ პროკურატურას, რათა აღნიშნული თანხის მიზნობრიობის საკითხი შეისწავლოს.
ჩვენი ვარაუდით, სწორედ ეს ფაქტორები გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალბატონმა კინწურაშვილმა, ქალბატონი კვესიტაძის სახით საქმეში „მძიმე არტილერია“ ჩართო.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა კინწურაშვილის პატრონებს არ სიამოვნებთ იმ მასალების კითხვა „ნიუსპრესის“ ვებ-გვერდზე, რასაც უცხოური მედია სააკაშვილისა და მისი გუნდის შესახებ აქვეყნებს, სადაც სააკაშვილს ხან ომის დაწყებაში, ხან ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ და ხანაც უბრალოდ „ეკაიფებიან“.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მაღაჩინოსანთა თუ მათი ცოლების მცდელობისა, მიუხედავად „ნაცმოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მცდელობისა, სააგენტო „ნიუსპრესის“ მიმართ ბრალდებებზე პასუხი ქალბატონ კინწურაშვილს აუცილებლად მოუწევს სასამართლოს დარბაზში.
რაც შეეხება სააგენტო „ნიუსპრესის“ „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას“, ეს თურმე იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ რუსული მედიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს ვთარგმნით.
ქალბატონო თამარ, ჯერ ერთი, ჩვენ ვთარგმნით და ვაქვეყნებთ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით (მათ შორის დასავლური, კავკასიური, პოსტსაბჭოთა და აზიური სივრციდან), ხოლო ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი დაადასტურებს, რომ პირველ რიგში ყველაზე მეტად იმ ქვეყნის პრესაა საინტერესო, რომელთანაც არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს და რომელსაც ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველო დღეს, დროებით, საკუთარი ტერიტორიების 20%-ს ვერ აკონტროლებს და იქ სწორედ რუსული ჩექმა დგას.
რაც შეეხება იმას, რომ სააგენტო „ნიუსპრესს“ კონტრაქტები აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული, ეს სიმართლეს ნამდვილად შეესაბამება, თუმცა ეს რომ კანონდარღვევა არ არის თავად თამარ კინწურაშვილმაც კარგად იცის, მითუმეტეს, ის ჩვენს სააგენტოს 200 და 300 ლარიან საბიუჯეტო კონტრაქტებს უთვლის, მაშინ როცა მის არასამთავრობოს, მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, გრანტის სახით 101 ათასი (?!) ლარი აქვს მიღებული.
ასე, რომ ქალბატონო თამარ, მართალია თქვენი კერპების, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დროს ახერხებდით ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, მაშინაც კი, როცა ის იქ არ იყო, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს ეს ძალიან გაგიჭირდებათ.
ქალბატონო თამარ, ჩვენს უკან დგას არა პუტინი, არა ერდოღანი, არა ობამა ან ისლამური სახელმწიფო, არამედ სიმართლე, რომელსაც აუცილებლად დავამტკიცებთ და ამის შესახებ ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თქვენი დონორების ინფორმირებაც მოვახდინოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ნიუსპრესი“ განცხადებას ავრცელებს
2016/09/06 12:00:45
კომენტარები
ნანახია: 1963 ჯერ