უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპულიზმის ხიბლში ვარდება, – ამ სათაურით აქვეყნებს Foreign Policy ვლადისლავ დევიდზონის სტატიას.
სტატიაში ავტორი 27 აგვისტოს 8-9 წლის გოგონას ცხედრის პოვნასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ ბრუტალურ კრიმინალურ მოვლენებზე პროვოკაციული რეაგირებისას მიხეილ სააკაშვილი თავის ბნელ მხარეს ავლენს.
“პოლიციისადმი მიცემული ჩვენებით, მკვლელობამდე გოგონა გააუპატიურეს. ერთი დღის შემდეგ 21 წლის ბოშა კაცი ეთნიკური რუსებით და ბულგარელებით დასახლებული სოფელ ლოშჩინივკადან (აქაც ბოშების პატარა თემი ცხოვრობდა) დააკავეს და ერთ საზარელ დანაშაულზე დააკისრეს პასუხისმგებლობა. ამის საპასუხოდ, ახალგაზრდების კრიმინალური დაჯგუფება ანტი-ბოშური განწყობით თავს დაესხა ადგილობრივებს. იყო ქვების სროლა, ფანჯრების მსხვრევა, სახლების გადაწვა და ქონების განადგურება. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ბოშები უკვე ტერიტორიიდან იყვნენ გასული. თუმცა ამ ეპიზოდის ამსახველი ვიდეოს საფუძველზე ბევრი უკრაინელი დამკვირვებელი ეთნიკური შუღლით მოტივირებულ სისტასტიკეზე აპელირებდა. ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მოითხოვეს ბოშების დაახლოებით ექვსი ოჯახის (50 სულის) სამუდამო გაძევება, სოფლის საბჭომ ავტობუსები გამოჰყო მათ გასაყვანად. სასტიკი მოვლენების დასრულებისთანავე ოდესის რეგიონის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები და გასამხედროებული კონტინგენტი განათავსა სოფელში, მისივე პოლიციის უფროსის პირადი განკარგულებით. თუმცა, გუბერნატორის რეაქციის მეორე ელემენტმა უფრო მეტად ჩააგდო საგონებელში ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და გოგონას დაკრძალვის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში სააკაშვილმა ისეთი რამ განაცხადა საჯაროდ, რაც ასეთ დაძაბულ პერიოდში აფეთქებას უფრო გავდა – „სრულად ვიზიარებ ლოშჩინივკას სოფლის მოსახლეობის აღშფოთებას“,- თქვა გუბერნატორმა და დასძინა, რომ სოფელში „სრული განუკითხაობა იყო, ამორალური ბუნაგი და მასობრივი ნარკო ვაჭრობა ყვაოდა. ბოშები ანტი-სოციალურ ელემენტები იყვნენ და ეს პრობლემა ადრევე საფუძვლიანად უნდა აღმოგვეფხვრა. ახლა კი უბრალოდ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნულია სტატიაში.