თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 55 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 5-ს მძიმე პნევმონია აქვს, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პროგნოზი ჯერჯერობით გაურკვეველია და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეს ასაკიც განაპირობებს.
„80 წელს გადაცილებულია და თანხმლები დაავადებებიც აქვს. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება. ამდენად, ამ ეტაპზე, ამ პაციენტის მდგომარეობა ითვლება კრიტიკულად”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ გაეწერა ორი პაციენტი და ორი დღის განმავლობაში სულ 17 პაციენტი დაემატა.
საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 215 უკვე გამოჯანმრთელდა.
