პროგნოზები, რომელიც კეთდება ევროზონასთან, ჩვენ ქვეყანასთან, ჩვენ სამეზობლოსთან დაკავშირებით, ეს არ არის ის მაჩვენებლები, რომლებიც აუცილებლად გამართლდება. ეს რიცხვები გადაიხედება და ახალი რეალობა იქნება, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ თავიდანვე პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მთლიანად ჩაკეტა ეკონომიკა და შეაჩერა პანდემიის გავრცელება, რამაც მისივე თქმით, შესაძლებლობა მოგვცა, რომ გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ მაქსიმალურად ღია.
„საქართველომ თავიდანვე, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მთლიანად ჩაკეტა ეკონომიკა და შეაჩერა პანდემიის გავრცელება, დღეს ამის გამო გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ მაქსიმალურად ღია. მაგალითად, სომხეთის შემთხვევაში, როდესაც პანდემია დაიწყო და ვრცელდებოდა, მათ არ ჩაკეტეს ეკონომიკა, გარკვეული სფეროები ისევ ფუნქციონირებდა და დღეს პანდემიური ვითარება არის ძალიან რთული. შესაბამისად სომხეთში ეკონომიკის სრულად გახსნამ უფრო მეტად გადაიწია და ის პროგნოზი, რაც არის 2,8%-იანი კლება, ეს აუცილებლად გადაიხედება, ისევე როგორც ჩვენ შემთხვევაში“ – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ჩაკეტვის ვადა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვინაიდან მათ არ გაატარეს ისეთი პრევენციული ღონისძიებები ეპიდემიის გავრცელების კუთხით, როგორიც საქართველომ.
„პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გახსნა და დღეს უკვე ვსაუბრობთ ტურიზმის გახსნაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკა სრულად არის ამოქმედებული. შესაბამისად, როდესაც მეორე კვარტლის მონაცემები დაიდება, ყველაზე საინტერესო იქნება ეს მონაცემები და მასზე დაყრდნობით შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული პროგნოზები, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები და იმის მიხედვით დავდოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის სცენარები. დღეს, როდესაც ყველაზე არაპროგნოზირებადი გარემოა, რამე პროგნოზზე საუბარი, თუნდაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, არარელევანტურია“ – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.