საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა, რომელიც ქვეყნის არეულობას ისახავდა მიზნად.
„არ შეიძლება, ამ მძიმე დანაშაულის მიზანი მიმართული ყოფილიყო მხოლოდ ერთი ადამიანისკენ. ეს მიმართული იყო სახელმწიფოსკენ, მისი სტაბილურობისკენ და საბოლოო მიზნადაც იმას ისახავდა, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო. ამის ერთერთი „შემოქმედი“ რუსეთია. ეს უკვე დადასტურებულია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სხვაა, ვის ინტერესებში ჯდება ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი. ვინც მისმენს, თითოეული ადამიანი, ალბათ, დასკვნას თავის თავთან გააკეთებს. მგონი, ბევრი კამათი ამ თემას არ სჭირდება. მე საუბარი არსაითკენ არ მიმყავს. აქ 100%-იანი სიზუსტით ინფორმაცია შეიძლება, მეც არ მქონდეს, მაგრამ ერთი მხარეა, ეს ქმედება საიდან დაიგეგმა და მეორე მხარეა – ვის აწყობდა, ვის ინტერესებში ჯდებოდა. ეს ინტერესების თანხვედრა შემთხვევითი არ არის, უბრალოდ, ინტერესების დამთხვევაა თუ რა არის, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.