როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ქვეყანაში შემოიტანა სუროგაციის ინსტიტუტი, იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი მარტოხელა მშობლის მიერ. შესაბამისად, დღეს აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუროგაცია შემოიტანა საქართველოში მარტოხელა დედებს არ მისცა სუროგაციის უფლება, ვფიქრობ, მინიმუმ რვა წლითაა დაგვიანებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ახალი რეგულაცია შეეხება სუროგაციის სერვისით მოსარგებლე წყვილებს. ამიერიდან მათ თანაცხოვრების ნამდვილობის დადასტურება მოუწევთ.
„როგორც არ იყო მარტოხელა დედისთვის სუროგაცია 2012 წლის აპრილში შესაძლებელი, ისე არ არის ეს დღეს. უფრო მეტიც, ჩვენ 8 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო, შევუქმენით გარკვეული პირობები იმისთვის, რომ ჩვილებით ვაჭრობა იყოს საქართველოში შეუძლებელი. ვინც არის უნაყოფო წყვილი ან წყვილი, რომელსაც ჰყავს შვილები, მაგრამ უნდა, რომ ჰყავდეს სხვა ბავშვიც სუროგაციის მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული დათქმებით, იმისთვის, რომ არა მხოლოდ ბავშვის, არამედ სუროგატი დედის უფლებებიც იყოს დაცული. ძირითადად, ესენი არიან 100% საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ქალები, რომელთა მუცელსა და საშვილოსნოს იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან უცხოეთიდან და სუროგაციის სერვისით, ქართველი ქალები ემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთა 90% უცხოელია. რა თქმა უნდა, ეს არ იკრძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები. ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში. ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. რაც შეეხება კლასიკურ ხელოვნურ განაყოფიერებას, აქ არავითარი ახალი რეგულაციის შემოტანის უფლება იუსტიციის მინისტრს არ აქვს და შესაბამისად, არავითარი ახალი რეგულაცია ამ კუთხით არ არის. ამიტომ, მარტოხელა დედებსაც შეუძლიათ კლასიკური ინვიტროგანაყოფიერება როგორც ჰქონდათ დაგეგმილი აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში -გააკეთონ, ჩაიტარონ და მე მათ ამაში მხოლოდ და მხოლოდ დიდ წარმატებას ვუსურვებ“ – განაცხადა მინისტრმა.