საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარაიას ინფორმაციით, ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება სხვა ქალაქებს არ გადაეცეს. ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა მესტია-ლენჯერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეზღუდვების სრულად მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ, აქ რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.