პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური პარკის მოსაწყობად, თბილისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადაეცა.
„ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებით ქალაქი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ქალაქისთვის პროექტის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მისი მასშტაბიც მეტყველებს – 27 ჰა ტერიტორიაზე 200 მილიონამდე ლარის ღირებულების ცენტრალური პარკი იქმნება. კარგად გვახსოვს წარსულში როგორ აბეტონებდნენ ჩვენი დედაქალაქის პატარა ნაწილსაც კი და როგორ გვართმევდნენ ამით სუფთა ჰაერის უფლებას. ალბათ, ახლაც აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ მნიშვნელოვან ფაქტს არაფრად ჩათვლიან. ეს ის ადამიანები არიან, აპოკალიფსს რომ წინასწარმეტყველებენ და მის მოლოდინში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მოვლენები ყურადღების მიღმა რჩებათ. მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში კვლავაც უანგარო და მასშტაბურია“. – აცხადებს ნინო წილოსანი.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.