თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. მან სრულად გაიზიარა ის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, რომლებზეც აპელირებდა ბრალდების მხარე, მიიჩნია დასაბუთებულად და ამის გათვალისწინებით შეეფარდათ პატიმრობა. გამოძიება გრძელდება. გამოძიება გრძელდება და მოტივისა და მიზეზების შესახებ დამატებით გეცნობებათ. საქმის მასალებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, დამატებით დეტალების შესახებ გამოძიების დასრულების შემდგომ გეცნობებათ. გრძელდება გამოძიება, როგორც კი დასრულდება მოტივს მიზეზსა და დამატებით გარემოებებს გაცნობებთ აუცილებლად“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
დაცვის მხარე ბრალდებულთათვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მათი განმარტებით, დაცვის ქვეშ მყოფი პირების მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობდა.
„მე ვარ ადვოკატი, პოლიტიკურ სარჩულზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ დავაფიქსირებ პოზიციას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ლაშა გურგულიანი წარდგენილ ბრალდებაში არის უდანაშაულო. მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და არც ბუნებაში რაიმე მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა ძალადობა. დაზარალებული უჩვენებს, რომ სამი სცემდა. ბრალდებულები უჩვენებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ ჩაიდინეს, სამმა პირმა ძალადობა და სცემეს დაზარალებულს. ლაშა გურგულიანს საერთოდ არ ჩაუდენია ეს ძალადობა და დაზარალებულმა ასევე ვერ ამოიცნო გურგულიანი. ამდენად, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება, არის დაუსაბუთებელი და აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასმართლოში“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, გელა ჩივაძემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრს, თემურ შუბითიძეს 30 სექტემბერს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე თავს დაესხნენ.