„ნაცმოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით. შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კუბილიუსის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია.
„საინტერესოა, რა რექცია ექნებოდა კუბილიუსს, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება. კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორე მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესამაბისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის”.
„შენიშვნა – ეს მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება” რეალური პრობლემებისგან – პანდემიაზე რეაგირების და შეჩერებული ეკონომიკისგან, ყურადღების გადასატანად, პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს“, – წერს კუბილიუსი.