გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნიდა სტაბილურ, სამართლიანსა და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმართვისას განაცხადა.
როგორც რომის პაპმა აღნიშნა, 25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ამ პერიოდის მანძილზე, კვლავ მოპოვებული სრული თავისუფლების პირობებში, ქვეყანამ აღაშენა და განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები, დასახა საყოველთაო და ჭეშმარიტი განვითარების გზები.
”ყველაფერმა ამან დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დაეცვა ასე ნანატრი თავისუფლება. გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლო საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნიდა სტაბილურ, სამართლიანსა და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების ზრდას და ყველასათვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნას. ამგვარ ჭეშმარიტსა და მდგრად წინსვლას თავისი აუცილებელი წინასწარი პირობაც აქვს. ესაა რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცდება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში”, – განაცხადა რომის პაპმა.
მისივე თქმით, ხანგრძლივი და ჭეშმარიტი მშვიდობისაკენ მიმავალი გზის გასაკვალად კი იმის შეგნებაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის სამართლიანი და სტაბილური ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელი პრინციპები ქვეყნებს შორის კონკრეტულ, მოწესრიგებულ და მშვიდობიან თანარსებობას უნდა ემსახურებოდეს.
”მართლაცდა, მსოფლიოს უამრავ წერტილში, როგორც ჩანს, ის ლოგიკა ჭარბობს, რომელიც ართულებს კანონიერი განსხვავებებისა და უთანხმოებების (რომლებიც ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას) მოქცევას ცივილიზებული განსჯისა და დიალოგის კალაპოტში, სადაც გაიმარჯვებდა საღი აზრი, ზომიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა არცთუ იშვიათია ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომლებიც მანიპულირებს სამოქალაქო, თუ რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ, რათა გაბატონებისა და სიკვდილის ბნელ გეგმებს დაუქვემდებაროს ისინი”, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპი – გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს
2016/09/30 17:33:18
კომენტარები
ნანახია: 1965 ჯერ