“პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს”, – ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
მისი თქმით, ეს განცხადება ემსახურება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე ზეწოლას, ვისაც შეიძლება, აინტერესებდეს ეს დაფინანსების საკითხი.
„დაფინანსება საერთოდ ჩასახსნელია „ქართული ოცნებისთვისაც“, პირველ ყოვლისა. უნდათ, მოლაპარაკებაზე ოპოზიცია წავიდეს დათმობაზე, დათანხმდეს რაღაცებს და შევიდეს პარლამენტში. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე და ეს არის პრობლემა. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიება. ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორ აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.