ასეთი საჯარო განცხადებები, როგორც ეს დღეს გაკეთდა თურქეთის სახელმწიფო წინააღმდეგ, მავნებლურია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადების შეაფასებისას განუცხადა.
„ასეთი განცხადებების გაკეთება არათუ საჭირო არ არის, არამედ მავნებლურია ასეთი საჯარო განცხადებები, როგორც ეს დღეს გაკეთდა თურქეთის სახელმწიფო წინააღმდეგ. უბრალოდ, ამის საჭიროება არ არის და ამით ვინმეს არც ქულები ჩაეწერება. პირიქით, ალბათ, დამაზიანებელი იქნება ასეთი განცხადებების კეთება, რადგან კონსულტაციები უკვე შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ადამიანი საკითხში მინიმუმ უნდა გაერკვეს და განცხადებები შემდეგ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მსხვილი თურქული ბანკების მიერ აფხაზური ნაციონალური საგადასახადო ბარათის, „აპრა ვორლდის“ მომსახურების დაწყების შესახებ.
ნათელაშვილის თქმით, „თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა მსოფლიო საანგარიშო ქსელში, მეზობელი სახელმწიფოსგან ეს არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი“.