საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გაბრიელ წულაია აცხადებს, რომ გვერდი, სახელწოდებით “ბიძინა ივანიშვილი და მედია”, ძმასთან ერთად 2011 წელს შექმნა და სანამ საჯარო სამსახურში იყო, გვერდს მისი ძმა, ირაკლი წულაია მართავდა.
გაბრიელ წულაიას თქმით, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა და ძმასთან ერთად საკუთარი შეხედულებებისამებრ გააგრძელებს გვერდის მართვას, რომელსაც დღეს სახელწოდება შეეცვალა და “გახარია და მედია” დაერქვა.
“ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა.
აღნიშნული გვერდი, რომელიც არ იყო ოფიციალური, არამედ ჩვეულებრივი მხარდამჭერთა გვერდი იყო, მე და ჩემმა ძმამ, ირაკლი წულაიამ, ჯერ კიდევ ქართული ოცნების დაფუძნებამდე, 2011 წლის ოქტომბერში შევქმენით. ასევე, დეზინფორმაციაა, თითქოს ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობისას ვმართავდი აღნიშნულ გვერდს. რეალურად, მხარდამჭერ გვერდს მართავდა ჩემი ძმა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირების არაერთი მცდელობისა, მომხდარიყო გვერდის “დარეპორტება”, გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მხარდამჭერთა გვერდი ფუნქციონირებს სოცქსელის ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით, ფეისბუქის მხრიდან მისი ფუნქციონირება არასოდეს შეფერხებულა (სოცქსელის მცოდნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ამის მნიშვნელობას).
გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისთანავე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. ამიტომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ღიად, სწორედ ჩემი შეხედულებების შესაბამისად, ჩემს ძმასთან ერთად გავაგრძელებ აღნიშნული გვერდის მართვას”, – აცხადებს გაბრიელ წულაია.
რაც შეეხება ირაკლი წულაიას, მას ტელეკომპანია “იმედზე” მიჰყავდა გადაცემა “ბიზნესქრონიკა”, მანამდე კი ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტის მაღალჩინოსანი იყო.