საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი, აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობასა და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს. ამ კრიზისის დაძლევაში, როგორც არასდროს, სოლიდარობა გვჭირდება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
მისი განცხადებით, ინკლუზიური მიდგომებით, სოციალური პასუხისმგებლობითა და ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ ეკონომიკის გაცოცხლებას, ინვესტიციების მოზიდვას და ხელი გავუწოდოთ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელებს.
„ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხვდებით საზოგადოების დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის ვხედავთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკდიებლობას ანიჭებს უპირატესობას, ადამიანის სიდუხჭირისგან თავის დაღწევაზე ამახვილებს ყურადღებას. ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, ყველა არგუმენტისა და ყველა შესაძლო საფრთხის მეტად გაანალიზება. სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით. ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, ამ მიზნისთვის, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმის გამოყენება შეიძლება“, – აცხადებს პრეზიდენტი.