ჩემთვის გაუგებარია, გუნდმა წინ წამოგწიოს, გამოგარჩიოს, ხელი შეგიწყოს, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდე… პარტიამ ის გამოარჩია, პირველ ნომრად აღიარა და ჩვენს ლიდერად ვაღიარეთ, ბოლოს შემოგვიბრუნდა ლიდერი და ჯოხი გვირტყა თავში, ახლა გვაინტერესებს, რით დავიმსახურეთ ეს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჭორაობა ის არის, როდესაც გუნდის წევრები დაგიდიან რეგიონებში და „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს ატყუებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წარგზავნილები არიან პარტიის წიაღში, ეს არის არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური და მორალური ქცევა.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს სისუსტის უფლება, მეორე თემაა, რომ ჩვენ ეს სისუსტე შევაფასოთ, ყველას აქვს უკან შემობრუნების უფლება და ჩვენი უფლება არის ამის საპირწონედ, რომ ეს უკან დაბრუნება შევაფასოთ, ამას ვერავინ აუკრძალავს, ისევე, როგორც ვერც წასვლას და ვერც უკან დაბრუნებას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ როდესაც შემოდიხარ სცენაზე, უნდა ელოდო იმასაც, რომ შეფასებები იქნება და ფაქტები იქნება შეფასებული რეალობიდან გამომდინარე. ჭორაობა ის კი არ არის, რომ პარტიის დამფუძნებელი იძულებული ხდება განცხადება გაავრცელოს და გითხრას ჩემს სახელს ნუ იყენებო, ჭორაობა სწორედ ის არის, დადიოდე „ქართული ოცნების“ პარტაქტივში და ამბობდე, თითქოს ხარ ამავე პარტიის პროექტი „ბ“.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ხარ გუნდის წევრი, მაგალითად ჩემი გადასახედიდან, საჭიროდ ვთვლი ვთქვა შემდეგი: მაგალითად მე დღეს ვარ მინისტრი და ერთ მშვენიერ დღეს მე გამოვიდე თქვენ წინაშე და ჩემი სამინისტროს მინისტრის მოადგილეებს, ჩემ საყრდენ ადამიანებს, ნდობაგამოცხადებულებს, რომლებსაც ვმართავ საქმეში, ვუთხრა, რომ მე მათთან ყოფნა აღარ მინდა, წავიდე და შორიდან დავუწყო კრიტიკა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, დადგება ის დრო მალე, რომ თავად გიორგი გახარია გამოვა რეალურ ასპარეზზე, თითოეულ მათთგანს დაუპირისპირდება პირდაპირ ეთერში.
„ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ის იყო ჩვენი ხელმძღვანელი და მაინტერესებს რა არ მოსწონდა ჩემ საქმიანობაში. მასთან მუშაობა ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული, ის იყო სწრაფი გადაწყვეტილების მიმღები პირი. რა მოხდა განა ისეთი, რომ რამდენიმე საათში თუნდაც ჩემი საქმიანობა გახდა საკრიტიკო. მე მინდა კითხვები მოვისმინო ღია ეთერში. ყველა გუნდის წევრი მზად იქნება იმისთვის, რომ პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც თურმე მას დაუგროვდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.