აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების (USMCA) ვადის გაგრძელებაზე და ამით ხელშეკრულების გაწყვეტის ათწლიანი პროცედურა აამოქმედა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვაშინგტონი აცხადებს, რომ მიზნად ისახავს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, რათა ხელი შეუწყოს წარმოების, სამუშაო ადგილების დაბრუნებას აშშ-ში და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი ჩრდილოეთ ამერიკის პარტნიორებთან.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯეიმისონ გრირის განცხადებით, ვაშინგტონი შეთანხმებას მისი ამჟამინდელი ფორმით არ განაახლებს.
„შეერთებული შტატები არ დათანხმდა USMCA-ის ამ ფორმით განახლებას. შესაბამისად, შეთანხმება არ განახლდა. აშშ გააგრძელებს მოლაპარაკებებს მექსიკასთან და კანადასთან, რათა შეთანხმების ხარვეზები და სავაჭრო დეფიციტი აღმოიფხვრას“, – განაცხადა გრირმა.
მისივე თქმით, ივლისის მესამე კვირაში მექსიკასთან ორმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება, რომელიც მეხიკოში შედგება. განხილვის მთავარი თემები ავტომობილების წარმოების წესები, ინდუსტრიული საქონლის რეგულაციები და ეკონომიკური უსაფრთხოება იქნება, რათა მესამე ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, ვერ ისარგებლონ შეთანხმებით.
მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული აშშ-ის შეშფოთების განსახილველად, თუმცა მხარეებს შორის კვლავ რჩება უთანხმოება ავტომობილების წარმოების რეგიონულ წესებზე.
„არ არსებობს ისეთი დიდი განსხვავება, რომელიც ვერ გადაიჭრება“, – აღნიშნა ებრარდმა და დასძინა, რომ მთავარი თემა მოლაპარაკებებში ავტომობილების ინდუსტრიის დაცვაა.
კანადის წარმომადგენელმა დომინიკ ლებლანკმა კი განაცხადა, რომ ოფიციალური ოტავა გააგრძელებს მუშაობას აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ფოლადს, ალუმინს, ავტომობილებსა და ხის მასალას.
