კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის დარნიცის რაიონში მდებარე ნაწილობრივ ჩამონგრეულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში. უწყების შეფასებით, დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულია 86 ადამიანი, მათგან 70 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი თქმით, ეს იყო ომის დაწყების შემდეგ დედაქალაქზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა იერიშის დროს უკრაინის მიმართულებით 74 რაკეტა და 496 შორი მოქმედების დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობის სამიზნე კიევი იყო. სამხედროების ცნობით, 48 რაკეტისა და 476 დრონის ჩამოგდება ან განეიტრალება მოხერხდა, თუმცა 25-მა ბალისტიკურმა რაკეტამ და 12 დრონმა 33 სხვადასხვა ლოკაციამდე მიაღწია.
