დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ეს ისტორია, ყველა, ვინც იქ იყო, ესროდა, – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“უჭირთ მათი განეიტრალება, ძალიან ძნელია ამის ერთბაშად გაკეთება. მე მომწონს უკვე ის, რაც ხდება. თუნდაც პოლიციის გუშინდელი საქციელი. ეს აბსოლუტური მოვალეობა კი არა, მათი კეთილი ნებაც უნდა იყოს, აბა როგორ სხვანაირად?! თუნდაც ის, რომ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ, ეს უკვე მიღწევად მიმაჩნია. ხომ ვიცით რა საზოგადოებაშიც ვცხოვრობთ?! საკმაოდ კონსერვატიულში და საკმაოდ პატრიარქაულში. კანონი არ უკრძალავს ამ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას და ჩვენ რა უფლება გვაქვს არ დავიცვათ?! შეიძლება ხელისუფლება და პოლიცია გულით ვერ აკეთებს, მაგრამ აკეთებს. ზიზღი ადამიანის მიმართ სამარცხვინოა, თუ ახლა არ აგაწიოკა და ვინმე არ დაგიშავა.
საპატრიარქოს და ეკლესიას ვერაფერს ვეტყოდი, მორწმუნეებს კი ვეტყოდი, რომ გიყვარდეს მტერი შენიო, გვითხრა ჩვენმა მაცხოვარმა. სხვათა შორის მაცხოვარს არსად არ უწერია, ოთხთავში სადმე წერია?! სოდომი და გომორი არის ძველი აღქმა, არ შევდივარ რელიგიურ წიაღსვლებში და თეოლოგიურ კამათში, მაგრამ ახალ აღქმაში არ არის ეს თემა წამოწეული, როგორც მახსოვს და კარგად მახსოვს, საკმაოდ ხშირად ვკითხულობ.
ქრისტე, ჩვენი ღმერთი, იყო საოცრად მიმტევებელი, ყველა უყვარდა. ქვა იმან ესროლოს, ვინც თავს უცოდველად თვლისო. მაგრამ უბედურება იცით რაშია? – ყველა უცოდველად თვლის თავს. დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ეს ისტორია, დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც იქ იყო, ესროდა. ყველა ვალდებულად თვლის თავს, დაიცვას რაღაცა – თვითონაც არ იცის, რა.
მესმის, რომ ეკლესია გვერდში ვერ ამოუდგება და სხვათა შორის არც ითხოვს ლგბტ თემი, გვერდში ამოგვიდგეთ. მათ არ უნდათ, რომ მათთან ერთად მარშზე ვიაროთ, მათ უნდათ, რომ დავანებოთ თავი და მივიღოთ ეს ადამიანები. ქუჩაში გასვლა არ უნდა ვაცალოთ?! მე მგონი ელემენტარულია, ყველას მინდა ვთხოვო, რომ დავფიქრდეთ ამაზე – რა მარტივია ამის გაკეთება და რა აუცილებელი”, – განაცხადა ირმა სოხაძემ.