ხმაურიანი ბრალდება პეტრე ცაავას წინააღმდეგ.
ფიცხელაურების ოჯახი ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას მისი ეპარქიის მონაზვნის ოჯახის სასარგებლოდ მუქარითა და დაშინებით ბიზნეს-ფართის წართმევაში ადანაშაულებს.
ფიცხელაურების ოჯახი მრავალწლიან დუმილს არღვევს. დანაშაულში კი ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამხელს.
ირკვევა, რომ პეტრე ცაავა ფიცხელაურებს კუთვნილი ფართის დათმობას ზურაბ ადეიშვილისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით აიძულებდა. დაზარალებულების ინფორმაციით, პროცესი 2007 წელს დაიწყო და გარჩევების ადგილი ჭყონდიდის ეპარქიაც იყო, სადაც შეხვედრიდან შეხვედრაზე პეტრე ცაავასთან მაშინდელი პროკურორები დადიოდნენ.
საქმე ეხება, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე 160 კვადრატულ მეტრ ფართს, რომელიც ფიცხელაურებმა 1998 წელს 75 000 დოლარად შეიძინეს. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ მეპატრონე, რომლისგანაც ფიცხელაურებმა ფართი იყიდეს, ქუთაისში კომერციულ ბანკ „ოქროს საწმისს“ ფლობდა. ბანკი გაკოტრდა და მეანაბრეებმა, სასამართლოს მიმართეს.
კვალის ძიებამ ფიცხელაურები პეტრე ცაავამდე მიიყვანა. ოჯახის ინფორმაციით, მაშინ დიდი გავლენების მქონე სასულიერო პირი ყველაფერს აკეთებდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, ფართი პირვანდელ მეპატრონეს, ნანი ლომთაძეს დაბრუნებოდა. ფიცხელაურებმა მალევე გაარკვიეს, რომ ლომთაძის შვილი, მონაზვნად ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობდა.