„ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 7,078-მა ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები და იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებულ 107 როტაციის ფარგლებში, ავღანეთში განხორციელებულ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მძიმე დანაკლისიც განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა და დაშავდა.