აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ იხსნის პასუხისმგებლობას ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე და იმაზე, რაც ახლა ავღანეთში ხდება, – ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
კითხვაზე, იღებს თუ არა ბაიდენი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანაზე, არამედ „იმ ქაოსზეც, რომელიც ევაკუაციის დროს ხდებოდა“, სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენი იღებს პასუხისმგებლობას ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც აშშ-მა ავღანეთთან დაკავშირებით მიიღო.
მისივე თქმით, ამ პასუხისმგებლობას იღებენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდის წევრები, მრჩევლები, თანაშემწეები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები.
„ჩვენ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდი, კოლექტიურად ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც კარგ გადაწყვეტილებებზე, ასევე ისეთებზე, რომლებსაც იდეალური შედეგები არ მოაქვთ“, – განაცხადა ბაიდენის თანაშემწემ.