თალიბები კარდაკარ ეძებენ იმ ავღანელებს, რომლებიც ნატო-ს ძალებისთვის, ან წინა მთავრობისთვის მუშაობდნენ და მათი ოჯახების წევრებს ემუქრებიან, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის დოკუმენტში, რომელიც გაეროს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.
„თალიბანის” სამიზნე ამჟამად უამრავი პირია და ეს საფრთხე ნათელია. თალიბები იმუქრებიან, რომ თუკი ისინი არ ჩაბარდებიან, დააპატიმრებენ, გაასამართლებენ, დაკითხავენ და დასჯიან მათი ოჯახების წევრებს“,- განაცხადა ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა ქრისტიან ნელემანმა.
მისი თქმით, „თალიბანის“ „შავ სიაში“ მყოფი ნებისმიერი ადამიანი საფრთხეშია და ქვეყანაში, შესაძლოა, მასობრივი სიკვდილით დასჯაც მოხდეს.
შეგახსენებთ, „თალიბანი“, რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება რამდენიმე დღის წინ ხელში ჩაიგდო, ცდილობს ავღანელები და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც წინა მთავრობაში მუშაობდნენ, შურისძიება არ განხორციელდება.