ვერცერთ ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამდებობის პირს თავისი პოზიციის დაფიქსირებას ვერავინ აუკრძალავს. უბრალოდ ჩვენ გვაწუხებს ასეთი გამონათქვამები, რომ „საქართველო რუსეთის ორბიტაზე ექცევა“ , – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რითაც იან კელისა და დევიდ კრამერის წერილს გამოეხმაურა.
„ამას ჩვენ ვიღებთ ქართული საზოგადოების შეურაცხყოფად და რატომ – საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და ლოგიკურად გამოდის, რომ მოსახლეობაა რუსული ორიენტაციის მქონე, რაც ასე არაა. არის მეორე ვარიანტიც – ხელისუფლება ამას აკეთებს, მოსახლეობა კი ამას ვერ ხვდება. მაშინ ისინი გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ბრიყვი. ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ არც რუსული ორიენტაციისაა ქართული საზოგადოება და არც ბრიყვია. ამიტომ ასეთი პოზიციების დაფიქსირება, რომ „საქართველომ უღალატა დასავლეთს“ შეურაცხმყოფელია. ეს არის ოპოზიციის „მესიჯბოქსის“ გახმოვანება და ისინი მოქმედებენ არა როგორც საქართველოს ლობისტები, არამედ როგორც ოპოზიციის ლობისტები“, – აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.