აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აგვისტოში სამუშაო ადგილების ზრდის მკვეთრი შემცირება „დელტა“ შტამის გავრცელებითაა განპირობებული.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს ეკონომიკური აღდგენაა, რომელიც ძლიერია. ბაიდენის გეგმა მუშაობს. ვიცი, რომ ზოგიერთს სამუშაო ადგილების უფრო დიდი რაოდენობის ხილვა სურდა, თუმცა წელს მუდმივი ზრდა გვაქვს ყოველთვიურად სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. ეჭვგარეშეა, რომ „დელტა“ ვარიანტია იმის მიზეზი, რის გამოც, სამუშაო ადგილების დღევანდელი ანგარიში ძლიერი არ არის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ში აგვისტოში სამუშაო ადგილების ზრდა მკვეთრად შენელდა. მონაცემების თანახმად, აშშ-ში აგვისტოში 235 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მაშინ, როდესაც პროგნოზის თანახმად, 728 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის მოლოდინი იყო.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 5.2%-მდე შემცირდა (ივლისში 5.4%-ს შეადგენდა). ამასთანავე, აშშ-ის ეკონომიკის ზრდამ მეორე კვარტალში 6.6% შეადგინა.