“ქალაქში უამრავი რამ მოხდა, მაგრამ წინა საკრებულოს პოზიცია არაფერზე არ დაუფიქსირებია”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ჯაბა სამუშიამ გადაცემა 2030-ში.
“საპატრიარქოს გვერდით რომ კაზინო “შანგრილა” აშენდა და ისტორიული თბილისის შუაგულში, რიყეზე ეს სიმახინჯეები განხორციელდა, ვინმემ ამაზე იმსჯელა?!“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2000 წელს “ქართუმ” ბოტანიკურ ბაღთან ხელშეკრულება გააფორმა და განისაზღვრა 97 ჰექტარი ტერიტორია, რომლის გასხვისება არ შეიძლებოდა.
“ეს ზუსტად ის კონტურებია, რაც დღეს არის. 2007 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ,” ბოტანიკურ ბაღს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა არა ამ საზღვრებში, არამედ 81 ჰექტარზე. 16 ჰექტარი უკვე სახლებისთვის იყო გამზადებული. რომ არა დროული ჩარევა, ჩვენ სულ სხვა რეალობას მივიღებდით. 2008 წელს ბოტანიკურ ბაღს დამატებით 7 ჰექტარი გადასცეს. 2012 წლის ზაფხულში კი, ისევ ჩამოართვეს, მაგრამ ნაკვეთის გასხვისება ვერ მოასწრეს. ეს არის მათი რეალური სახე”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მისი თქმით, 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გარდა იმისა, რომ მისი გარკვეული პირობებით გასხვისება მოხდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი კი, თავიდან ბოლომდე “ნაციონალური მოძრაობის” დადგმული სპექტაკლია.
“ამ 29 ჰექტარიდან, დატვირთული მხოლოდ 2 ჰექტარი იქნება, დანარჩენი 27 ჰექტარი კი, ქალაქის მწვანე ზოლი უნდა იყოს. როცა არქიტექტორები ესკიზს შეიმუშავებენ, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს იმ 2 ჰექტარზე, ბუნებრივია, მის პრეზენტაციას ისევე მოვახდენთ, როგორც “პანორამას” შემთხვევაში გავაკეთეთ”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს წევრმა K2 -თან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ის სიმახინჯეები აღარ იქნება, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო.
“წელიწადი და 8 თვეა, რაც თბილისს ახალი ხელისუფლება ჰყავს და ჩვენს მიერ კოეფიციენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისში ის სიმახინჯეები აღარ იქნება, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
კომენტარები