საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, დღეს პარლამენტის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ მიერ საპროტესტო აქციების დაანონსებას გამოეხმაურა და ამ პარტიას პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდა.
„თუ მოხდა ისე, რომ ამ ქუჩის აქციებმა საზოგადოებაში სამოქალაქო კონფლიქტი გამოიწვია, პირველ რიგში ისევ თვითონ წაილეკებიან. ყველაზე ცუდი, რაც ვერ გაიგეს არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის თაფლი მიეცა, მურაბა მიეცა, გადაერჩინა…ახლა თვითონ აგრძელებენ აქციებისკენ მოწოდებას, იმის მაგივრად, რომ წავიდნენ და დაცალონ პოლიტიკური ველი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს და პოლიტიკური სპექტრი განვითარდეს, „ნაცმოძრაობა“ ამ სფეროდან უნდა წავიდეს.
„პოლიტიკური ველის დაცლაა ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ გაღვივდეს და გაიზარდოს ჯანმრთელი ოპოზიცია. რა მობილიზაციაც არ უნდა იყოს, ხალხის ის დიდი მასა, ვინც ნახა „ნაცმოძრაობის“ წარსული, არ დაუშვებს ხელისუფლების ცვლილებას იმ კოალიციით, რომელშიც შედის ეს პარტია. წადით, დაცალეთ პოლიტიკური ველი. ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ ამ ბოროტებაზე არავინ გაგებინათ პასუხი“, – აღნიშნა ზილფიმიანმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითმმართელობის არჩევნების დასრულების შემდეგ, საპროტესტო აქციები დააანონსა.