კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ რუსთავის ციხესთან განუცხადა. მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ილია II-ის წერილი, ასევე სეფისკვერი გადასცა.
„გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენ ხანს შიმშილობს.
ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე და ის გრძნობს პატრიარქის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე პატრიარქს, რომ იგი კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, – განაცხადა ბოტკოველმა.
პატრიარქის მდივანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით სააკაშვილს წონაში კლება აღენიშნება.
„წინა შეხვედრასთან შედარებით, აშკარად შევამჩნიე, რომ ის წონაში მოკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული შევამჩნიე იმ მხრივ, რომ მას მეტყველება უჭირს ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. ის ჩვეულებრივ საუბრობდა.
მეც ვურჩიე მას, რომ იქნებ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ მას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ, ეს ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება”, – განაცხადა ბოტკოველმა.