აშშ-ში, კომპანიებმა, რომლებსაც, სულ მცირე, 100 თანამშრომელი ჰყავთ, პერსონალის ვაქცინაცია 4 იანვრამდე უნდა უზრუნველყონ. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
რეგულაციის თანახმად, თანამშრომლებმა, რომლებიც აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, 4 იანვრამდე Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინების ორი დოზა ან Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა უნდა მიიღონ.
„ვაქცინაცია ამ პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა. მიუხედავად იმისა, რომ მირჩევნია, რომ ეს მოთხოვნა აუცილებელი არ იყოს, ძალიან ბევრი ადამიანი აუცრელი რჩება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ვაქცინაციის მანდატს დასაქმებულების მასობრივი გათავისუფლება ან მუშების დეფიციტი არ გამოუწვევია.
„დამსაქმებლებს მოქმედებისკენ მოვუწოდებ. ბიზნესებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე, რათა დააჩქარონ ამ პანდემიიდან გამოსვლის პროცესი, გადაარჩინონ სიცოცხლე და დაიცვან ჩვენი ეკონომიკური აღდგენა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღნშნული მოთხოვნა ასევე შეეხება ჯანდაცვის ზოგიერთ მუშაკსა და ფედერალურ კონტრაქტორებს და საერთო ჯამში, დაახლოებით 84 მილიონ ადამიანს მოიცავს.