ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს. მეცნიერების განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი შტამი განსაკუთრებით საშიშია, რადგან მუდმივად განიცდის მუტაციას და ადამიანის იმუნური სისტემის გვერდის ავლით აღწევს ორგანიზმში. B.1.1.529 ვარიანტი, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, 32 სახის მუტაციის ფაზას გადის, რაც მას კიდევ უფრო არასტაბილურსა და გადამდებს ხდის.
შეშფოთებას იწვევს ასევე ის, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას ახალი ვარიანტის პათოგენთან ბრძოლა გაცილებით უჭირს. ამ ეტაპზე, 10 საეჭვო შემთხვევიდან მხოლოდ სამ ქვეყანაში დადასტურდა ახალი შტამი გენური სეკვენსირების მეთოდით, თუმცა მეცნიერებისთვის მსგავსი შტამის აღმოჩენა უკვე საგანგაშო სიგნალია, რადგან მუტაციის ფაზაში მყოფი შტამი „კოვიდ-19“-ის კიდევ უფრო აგრესიული ფორმაა.
ახალი ვარიანტი მეცნიერებმა პირველად ბოტსვანაში აღმოაჩინეს, სადაც ინფიცირების სამი შემთხვევაა გამოვლენილი.
ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ჰონგ-კონგში.
დიდი ბრიტანეთის ლონდონის სამეფო კოლეჯის ვირუსოლოგმა, ტომ პიკოკმა დეტალურად ისაუბრა „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვარიანტის ბირთვში მიმდინარე სხვადასხვა მუტაციური ფაზის გამო, ახალი შტამი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი სხვა ვარიანტები, რაც სამეცნიერო წრეებში შეშფოთებას იწვევს.